თქვენი სივრცე

ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელთმსახურის სადამფუძნებლო ეპისტოლე

ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელთმსახურის, ნიკა ობოლაძის სადამფუძნებლო ეპისტოლე 

ნაწილი I 

მართალი კაცის გზა მუდამ ეკლებით არის მოფენილი, მას მუდამ წინ ეღობება ბოროტი კაცის ეგოიზმი და ტირანია . დალოცვილია ის კეთილი და გულმოწყალე მწყემსი, ვინც ხასხასა მოლზე განმასვენებს და წყნარ წყლებზე წარმიძღვება, სულს დამიწყნარებს და სიმართლის კვალზე დამაყენებს, დალოცვილია ის კაცი ვინც გზააბნეულ ცხვრებს იპოვის და მათ წყვდიადის ველზე ისე გაატარებს, რომ ბოროტის არ შეეშინდებათ. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი ! ამოვძირკვავ და მოვსპობ მათ, ვინც ჩემი ხალხის განადგურება და მოწამვლა სცადა, აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებებს რისხვის სასჯელით და მიხვდებიან, რომ მე, უფალმა დავატეხე მათ ჩემი შურისგება, მიხვდებიან, რომ უფალი ვარ! 

ეზეკიელი, თავი 25, მუხლი 17.

რა ნააზრევიც უნდა გაგიზიაროთ მე თქვენ და რა საპასუხო აზრებიც უნდა გაგიჩნდეთ თქვენ ჩემი მოსაზრებების მიმართ, ფაქტია, ჩემსა და თქვენს მოსაზრებებს უამრავი ადამიანის გონებაში გაუვლია, უამრავი ადამიანი დამოუკიდებლად მისულა და მივა იგივე აზრებამდე. (რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი.  ეკლესიასტე, თავი პირველი, მუხლი 9). 

ასე რომ, ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებებია და ნორმალურია, რომ თუნდაც უმეტეს მათგანს, თუნდაც ბიბლიური თავისუფლების მღვდელთმსახური, არ ეთანხმებოდეს. 

და მაინც, რისი მწამს მე ? „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა“ - იოანეს სახარება, თავი პირველი, მუხლი პირველი. სიტყვა, ანუ აზრი, აზრი ანუ ცნობიერება. ადამიანი ცნობიერების გარეშე უბრალოდ ცხოველია. ანუ, ყველაფრის საწყისი ადამიანური ბუნებაა, ის არის სამყაროს ცენტრიც და პერიფერიაც.  

„თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ. და მთავრობდეს თევზთა ზღვისათა და მფრინველთა ცისათა და პირუტყვთა და მხეცთა ყოვლისა ქუეყანისა, ყოველთა ქუეწარმავალთა მავალთა ქუეყანასა ზედა... და შექმნა ღმერთმან კაცი იგი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი...“ (შესაქ. 1,26-27).  

დიახ, მე მწამს, რომ ამ სამყაროს აზრი ეძლევა ცნობიერების არსებობით, მწამს, რომ ადამიანი იგივეა, რაც ცნობიერება, მწამს, რომ ღმერთი არსებობს ადამიანური ბუნებით, ადამიანური ცნობიერებით, შეიძლება ჩვენზე ბევრად ძლიერით, ჩვენზე ბევრად მგრძნობიარე, მაგრამ მისი არსი არის ადამიანური. უფრო მეტიც, მე მჯერა, რომ თუ ჩვენს სხეულში შეიძლება ნეირონების კავშირის რაღაც დონემ წარმოშვას ცნობიერება, მთლიანობაში, სამყაროში, რომლის ნაწილებიც ვართ ჩვენც, შეიძლება არსებობდეს ერთი დიდი „ნეირონების კავშირი“, დიდი გონი - რომელსაც ჩვენ ღმერთს ვეძახით. ის, რომ ცნობიერება, ანუ ადამიანური ბუნება არის თავად სასწაული, ვფიქრობ, ცხადია.

მე მწამს, რომ ადამიანი შეიქმნა იმისთვის, რომ იყოს ბედნიერი, ბედნიერებისკენ სწრაფვა ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობაა, მე მწამს, რომ ადამიანი უნდა იყოს ბედნიერი! 

მე მწამს, რომ არსი = ცნობიერებას = ადამიანს = ბედნიერებისკენ სწრაფვას. ასე რომ, მე მიმაჩნია,  ადამიანის ბუნებრივი, ფუნდამენტური უფლებაა იყოს ბედნიერი. 

როგორ მიდის ადამიანი ბედნიერებისკენ? განა ყველასთვის ერთია ბედნიერების საზომი? შეიძლება ნებაშეზღუდული ადამიანი იყოს ბედნიერი?  

მე მიმაჩნია, რომ თავისუფლება აუცილებელი პირობაა ბედნიერებისკენ სწრაფვაში. რას ნიშნავს ადამიანი იყოს თავისუფალი? ადამიანი არის თავისუფალი თუ: ა) ადამიანის სხეული არის მისი საკუთრება; ბ) ადამიანის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოვლათი არის მისი საკუთრება; გ) ადამიანების მიერ ნებაყოფლობითი გაცვლით მოპოვებული ნებისმიერი დოვლათი არის მისი საკუთრება, ადამიანი თავად განსაზღვრავს რაში და როგორ გამოიყენებს საკუთრებას და არავის აქვს უფლება იგი შეზღუდოს თუ სხვა ადამიანის საკუთრებას არ აყენებს ზიანს. 

განა სხვა რამეს ამბობს 10 მცნება? 

  1. მე ვარ უფალი ღმერთი შენი, და არა იყვნენ შენდა ღმერთნი უცხონი, ჩემსა გარეშე. 
  2. არა ჰქმნე თავისა შენისა კერპი, არცა ყოვლადვე მსგავსი, რაოდენი არს ცათა შინა ზე, და რაოდენი არს ქვეყანასა ზედა ქვე, და რაოდენი არს წყალთა შინა ქვეშე ქვეყანისა: არა თაყვანი-სცე მათ, არცა მსახურებდე მათ. 
  3. არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა. 
  4. მოიხსენე დღე იგი შაბათი და წმიდა-ჰყავ იგი: ექვს დღე იქმოდე, და ჰქმნე მათ შინა ყოველივე საქმე შენი, ხოლო დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღვთისა შენისა. 
  5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა. 
  6. არა კაც-ჰკლა. 
  7. არ იმრუშო. 
  8. არ იპარო. 
  9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. 
  10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა.  

1-4. ეხება ადამიანისა და ღმერთის ურთერთობას. პირველი 4 მცნება გვეუბნება, რომ „მე ვარ უფალი“ ანუ მე ვარ ჭეშმარიტება და დანარჩენი მცნებების შესრულება სავალდებულოა. გვეუბნება, რომ სხვა წესები არ არსებობს და ეს არის ერთადერთი სწორი წესები, ანუ კვლავ და კვლავ, შესასრულებლად სავალდებულოა. გვეუბნება, რომ ცუდი საქმის კეთება, მით უმეტეს უფლის სახელით (მცნება 3), დაუშვებელია, რადგან ეს ახალისებს ქვემოთმოცემული ცნებების დარღვევას. გვეუბნება, რომ 7 დღიდან 1 დღე უნდა დავისვენოთ და დავფიქრეთ იმაზე, რამდენად ვასრულებთ ქვემოთჩამოთვლილ მცნებებს ანუ, 1-4 მცნება იცავს 5-10 მცნების შესრულებას. და რა წერია 5-10 მცნებებში?  

ეს არის კონკრეტული შინაარსის მატარებელი მცნებები, თუ როგორ კარგად უნდა მოექცნენ ადამიანები ერთანეთს.  

რა არის 10 მცნებისთვის კარგად მოქცევა? ეს არის სხვისი კერძო საკუთრების არხელყოფა ანუ სხვა  ადამიანის თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის სურვილის პატივისცემა.

5. პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა.  

ანუ პატივი ეცი სხვის საკუთრებას. მშობლებმა გიბოძეს სიცოცხლე, ცხოვრება, მათ შენი სიცოცხლისთვის რაღაც გაიღეს, ამიტომ შენ მათ მიერ გაღებულს, დახარჯულს უნდა სცე პატივი. მშობლების საკუთრებას, შენი არსებობისთვის მათ გამოყენებულ სხეულს, მათ გენეტიკას, მათ გაღებულ დროს უნდა სცე პატივი, მათ მიერ გაღებულ საკუთრებას, რომელმაც შენ გშვა - უნდა სცე პატივი.  

6. არა კაც-ჰკლა.

პატივი ეცი სხვის კერძო საკუთრებას, სხვის სხეულსა და სიცოცხლეს არ შეეხო აუგად. 

7. არ იმრუშო.  

პატივი ეცი სხვისი კერძო საკუთრებას. რადგანაც მრუშობა მიიჩნევა დაოჯახებულ ადამიანთან სექსუალურ კავშირად, დაოჯახებულ ადამიანთან სექსუალური კავშირი კი აზიანებს ოჯახს, მრუშობა საფრთხეს უქმნის მესამე პირების ( პარტნიორის მეუღლის, პარტნიორის შვილების) სოციალურ-მატერიალურ მდგომარეობას - პატივი ეცი სხვის საკუთრებას, ნუ ხელჰყოფ მის ცხოვრებას.  

8. არ იპარო. 

კვლავ პატივი ეცი სხვის საკუთრებას. 

9. არა ცილი-სწამო მოყვასსა შენსა წამებითა ცრუითა. 

პატივი ეცი სხვის საკუთრებას - ანუ თქვი სიმართლე, ნებისმიერი ტყუილი და ცილისწამება აზიანებს სხვა პირის ღირსებას, ქონებას, რეპუტაციას და სხვ. 

10. არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისისა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა. 

პატივი ეცი სხვის კერძო საკუთრებას - ფიქრებშიც კი! 

და რადგანაც, დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა - ანუ ცნობიერება არის არსის განმსაზღვრელი, ხოლო ადამიანი არის ცნობიერება.  

თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ - ანუ ღმერთს აქვს ადამიანური ბუნება და ადამიანს ღვთაებრივი.  

ცნობიერების გაფართოება არის ღვთაებრივ/ადამიანური ბუნების ბუნებრივი მდგომარეობა ანუ ბედნიერებისკენ სწრაფვა. 

ბედნიერებისკენ სწრაფვა არის ადამიანის თავისუფალი არჩევანი. 

თავისუფლებისთვის აუცილებელია კერძო საკუთრება, სხვისი საკუთრების პატივისცემა და საკუთარ არჩევანზე პასუხისმგებლობის აღება. 

10 მცნება ამბობს: ა) დაიცავი 10 მცნება ბ) დაიცავი სხვისი საკუთრების უფლება. 

მე მწამს რომ ადამიანების ბუნებრივი უფლებაა იყოს ბედნიერი, ანუ იყოს თავისუფალი. 

ჩვენ ბიბლიური თავისუფლება შევქმენით, რადგან მიგვაჩნია, რომ ბიბლია ქადაგებს თავისუფლებას, ანუ ადამიანის უფლებას ისწრაფვოდეს ბედნიერებისკენ, ქადაგებს იმას, რაც დღევანდელ საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილს უბრალოდ არ ესმის ან არ უნდა გაიგოს. ის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეწინააღმდეგება ჩვენს რწმენას, თუ როგორ უნდა ცხოვრობდნენ ადამიანები (ეწინააღმდეგება 10 მცნებას). 

დღეს საქართველოში ბიუროკრატია, ღმერთისგან თავისუფლებისა და ბედნიერებისთვის შექმნილ ადამიანებს ართმევს ცხოვრების ნაწილს, ართმევს მათ დროს, საკუთარ სხეულს, საკუთარ ფულსა და საკუთარ ოცნებებს. და როდესაც ჩვენ, ჩვენი პატარა ქვეყნის შიგნით ადამიანების ცხოვრების სისტემატური წართმევით ვართ დაკავებული, სამყარო ძალიან სწრაფად ვითარდება და იცვლება.

 

ნაწილი II 

რა რეალობაში ვართ

ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად ცვალებად სამყაროში. მეტიც, ცივილიზებული სამყაროს პროგრესის ტემპი არასოდეს ყოფილა ასეთი სწრაფი კაცობრიობის ისტორიაში. დღევანდელი რეალობა პრინციპულად განსხვავებულია იმისგან, რაც 10, 20 და 30 წლის წინ იყო. გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა როგორ შეცვლიდა სამყაროს კომპიუტერი, ინტერნეტი, მობილური კომუნიკაცია. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებამ, ერთი მხრივ, გააუმჯობესა ადამიანების ცხოვრების ხარისხი, ხოლო, მეორე მხრივ, კომუნიკაციის გამარტივებითა და დაჩქარებით, ხელი შეუწყო სამეცნიერო პროგრესის ექსპონენციალურ ზრდას. მან ასევე წარმოუდგენლად გაათანაბრა ადამიანების შესაძლებლობები - კომპიუტერი ან სმარტფონი, ჩართული ინტერნეტი და ინგლისური ენის ცოდნა, ნიშნავს შეუზღუდავ წვდომას კაცობრიობის დაგროვილ ცოდნაზე როგორც ყველაზე მდიდარი ქვეყნის ყველაზე მდიდარი ოჯახისშვილისთვის, ისე საქართველოს ყველაზე მიუვალ სოფელში მცხოვრები ბავშვისთვის.

მაგრამ პროგრესის ტემპი არ არის უბრალოდ სწრაფი. ის მატულობს ყოველწლიურად. შესაბამისად, სამყაროც იცვლება გაცილებით სწრაფად, ვიდრე აქამდე ოდესმე იცვლებოდა. 5, 10, 20, 40 წელიწადში ჩვენი შვილები და მათი შვილები იცხოვრებენ სრულიად ახალ რეალობაში; რეალობაში, რომელიც დღევანდელზე გაცილებით უკეთესი იქნება ბევრი თვალსაზრისით, მაგრამ, ამავე დროს, სავსე იქნება გამოწვევებით; რეალობაში, რომლის სრულფასოვნად წარმოდგენაც დღეს უბრალოდ შეუძლებელია.

როგორი იქნება მომავალი

ზუსტი სურათის დახატვა ნებისმიერ შემთხვევაში იქნება სპეკულაცია, მაგრამ ის, რომ მომავალი სამყარო იქნება ავტომატიზებული, კომპიუტერიზებული და ციფრული - დღეს ამას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს არც ერთი თავმოყვარე მეცნიერი. თუ დავაკვირდებით მეცნიერების რა მიმართულებებში გვაქვს მნიშვნელოვანი გარღვევა, რაში ხდება დღეს მილიარდობით კაპიტალის აქტიური ინვესტირება და მომავლის როგორ კონტურებს წინასწარმეტყველებენ დღეს ცოცხალი ყველაზე ჭკვიანი თავები, შეგვიძლია მეტ-ნაკლები სიზუსტით წარმოვიდგინოთ, სად უნდა ველოდოთ განსაკუთრებულ გარღვევებს: 

ხელოვნური ინტელექტი - ხელოვნური ინტელექტი შეცვლის პრაქტიკულად ყველაფერს. ის უკვე გამოიყენება მედიცინაში, ფინანსებში, სამართალში, განათლებასა და სხვა სფეროებში. ხელოვნური ინტელექტი მოახდენს ცოდნის / განათლების / მედიცინის დემოკრატიზაციას უფრო მეტად, ვიდრე ეს შეძლო გუგლმა ან ვიკიპედიამ. წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომელიც ადამიანის (ექიმის) ჩაურევლად სვამს ნებისმიერი დაავადების დიაგნოზს, არჩევს მკურნალობის გზებს და ამას აკეთებს წარმოუდგენლად იაფად და გაცილებით მაღალი სიზუსტით, ვიდრე ეს ოდესმე გაუკეთებია ადამიანს. ან წარმოიდგინეთ კომპიუტერი, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად საზღვრავს ბავშვის შესაძლებლობებს, უნარებს, ინტერესებს, შეიმუშავებს მასზე მორგებულ სასწავლო პროგრამას და ნაბიჯ-ნაბიჯ, თუმცა არსებულზე მრავალჯერადად სწრაფად უძღვება განათლების პროცესს. ეს რეალობა დღეს უკვე არსებობს და მუდმივი ტექნოლოგიური დახვეწის პროცესშია. ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე დღეს მუშაობენ და მილიარდებს ხარჯავენ მსოფლიო გიგანტები Facebook, Amazon, Alphabet (Google), Apple, Microsoft, Nvidia, IBM, Baidu, Boeing, Tesla.

რობოტიკა - რობოტები, მძლავრი პროცესორებით, ჩაანაცვლებენ ადამიანებს და შეასრულებენ სხვადასხვა სამუშაოს გაცილებით ხარისხიანად და იაფად. ეს რეალობა დღეს უკვე არსებობს. რობოტიკასთან დაკავშირებული ტექნოლოგიები სწრაფი ტემპით იხვეწება და იაფდება. შესაბამისად, უახლოეს მომავალში რობოტების მიერ სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შესრულება იქნება გაცილებით იაფი, ვიდრე ადამიანის მიერ იგივე საქმის გაკეთება. არსებული სამუშაო ადგილების დიდი ნაწილი უბრალოდ გაქრება (ჩანაცვლდება რობოტების მიერ). მსოფლიოს 10 ყველაზე მსხვილი დამქირავებლიდან, 3 უკვე ანაცვლებს ადამიანებს რობოტებით.

3D ბეჭდვა - 3-განზომილებიანი ბეჭდვა შესაძლებელს გახდის სახლიდან გაუსვლელად, სწრაფად და ხარისხიანად მიიღოთ ნებისმიერი რამ, მათ შორის სამოსი, საკვები, სათამაშო თუ მეტალის ნაწილები. დღეს უკვე შესაძლებელია 3-განზომილებიანი ბეჭდვა 250 სხვადასხვა ტიპის მასალისგან. დღეს უკვე არსებობს 3-განზომილებიანი პრინტერით დაბეჭდილი მანქანები და სახლები. ეს ყველაფერი უკვე რეალობაა, რომელიც ტექნოლოგიების სწრაფ დახვეწასთან და გაიაფებასთან ერთად, ხელმისაწვდომი გახდება სულ უფრო მეტი ადამიანისთვის.

ბლოკჩეინი - ტექნოლოგია, რომელიც რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, შეიძლება გახდეს უამრავი ინოვაციის საფუძველი. ის უკვე არსებობს და მას უკვე იყენებენ არა ერთ სფეროში. ეს დეცენტრალიზებული სისტემა, რომელიც სწრაფი და უსაფრთხოა, სულ უფრო მეტ გამოყენებას ნახულობს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროებში.

ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობა - ზღვარი ვირტუალურ და ნამდვილ რეალობას შორის პრაქტიკულად წაიშლება. მათი გარჩევა ადამიანისთვის გახდება შეუძლებელი და ნაკლებად საინტერესოც. თუმცა მანამდე ადამიანი გამოიყენებს ვირტუალურ და აუგმენტირებულ რეალობას განათლებაში, მედიცინაში, თავდაცვასა და სხვა სფეროებში.

ნანოტექნოლოგიები - ნანოტექნოლოგიები ფართოდ იქნება გამოყენებული მედიცინაში, გარემოს დაცვაში, მრეწველობაში, ენერგეტიკაში და სხვ. ნანორობოტები, მიკროსხეულები შეასრულებენ ბევრ ისეთ ფუნქციას, რომლის შესრულებაც დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია, განსაკუთრებით სამედიცინო სფეროში.

გენომიკა - გენების ანალიზი დღეს უკვე გამოიყენება სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის. ახლო მომავალში გენური ინჟინერია მნიშვნელოვნად შეცვლის სამყაროს. ადამიანს შესაძლებლობა ექნება არა მხოლოდ სხვადასხვა დაავადებების პრევენცია მოახდინოს გენების დონეზე, არამედ წინასწარ განსაზღვროს შვილის თვალის, თმის ფერი ან სხვა მახასიათებლები. გენური ინჟინერია ასევე წარმატებით გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, მრეწველობასა და სხვა სფეროებში.

სიცოცხლის ხანგრძლივობა - ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. გენური ინჟინერიის განვითარება და შესაბამისი ტექნოლოგიების გაიაფება უზრუნველყოფს დაავადებათა დიდი ნაწილის პრევენციას გენების დონეზე. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაზიანებული ორგანოების ახლით ჩანაცვლება და ამისთვის აღარ იქნება აუცილებელი დონორის ლოდინი, რადგან ორგანოების შექმნა დღეს უკვე არის შესაძლებელი. მეტიც, ადამიანის ტვინის ფუნქციონირების სრულყოფილი გაანალიზებისა და მისი კომპიუტერთან დაკავშირების შემდეგ, შეიძლება დასაშვები გახდეს ადამიანის ცნობიერების კომპიუტერში ატვირთვა, რაც პრაქტიკულად უკვდავების მიღწევას ნიშნავს. (თუ ეს ყველაფერი წარმოუდგენლად გეჩვენებათ, გაიხსენეთ - შეუცნობელ არს გზანი უფლისანი).

პლანეტარული ათვისება - ადამიანები დაიწყებენ კოსმოსში არსებული რესურსების ათვისებას. დღეს უკვე არსებობს კომპანიები, რომლებიც მუშაობენ ასტეროიდებიდან მინერალების მომპოვებელ ტექნოლოგიებზე და ქვეყნები, რომლებიც შეიმუშავებენ შესაბამის კანონმდებლობას.

კოსმოსის ათვისება - მეცნიერების თანამედროვე მიღწევები უკვე შესაძლებელს ხდის ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას ისეთ პლანეტებზე, სადაც არ არის სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები. ელონ მასკის კომპანია SpaceX 2020 წლისთვის (3 წელიწადში!) აპირებს პირველი მისიის გაგზავნას მარსზე. თუ გავითვალისწინებთ ელონ მასკის უკვე არსებულ მიღწევებს სხვადასხვა მიმართულებით, ალბათობა იმისა, რომ ეს წამოწყება წარმატებით დასრულდეს, არც ისე დაბალია. ეს კი ნიშნავს, რომ უახლოეს ათწლეულებში ადამიანი შესაძლოა დედამიწაზე მიჯაჭვული არსებიდან ინტერპლანეტარულ არსებად იქცეს.

რა გამოწვევებია

არსებობს არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელსაც მომავალი გვიმზადებს. ამ გამოწვევებთან გამკლავება მოგვიწევს როგორც გრძელვადიან პერსპექტივაში, ისე უახლოეს მომავალშიც. ჩვენ ან შევძლებთ და გავხდებით ტექნოლოგიური პროგრესის არა უბრალოდ მომხმარებელი, არამედ უშუალო მონაწილე და მომავალი განვითარების თანაზიარი, ან ჩავიკარგებით ისტორიაში, როგორც ერი რომელმაც ვერ გაიაზრა საით მიდიოდა სამყარო და ვერ აუწყო პროგრესს ფეხი.

გამოწვევებს შორის არის ორი ასპექტი, რომლებიც ერთმანეთთან უშუალო კავშირშია და რომლებთან მიმართებაშიც დღეს არის გადაწყვეტილებები მისაღები, დღეს არის გასატარებელიფუნდამენტური ცვლილებები.

პირველი, ესაა დღეს არსებული სამუშაო ადგილების ავტომატიზაცია. პროფესიათა უდიდესი ნაწილი, რომელიც დღეს არსებობს და რომელთა დაუფლებაშიც დღეს ვხარჯავთ მნიშვნელოვან რესურსს, იქნება ეს საკუთარი ჯიბიდან პირდაპირ გაწეული ხარჯები თუ სახელმწიფოს მიერ ბიუჯეტიდან გაღებული დაფინანსება, უახლოეს რამდენიმე წელიწადში უბრალოდ აღარ იარსებებს. პროდუქტებს, რომლებსაც დღეს ქმნის ადამიანი და მომსახურებას, რომელსაც დღეს წევს ადამიანი, შექმნის და გაწევს კომპიუტერიზებული რობოტი ხელოვნური ინტელექტით; და ამას გააკეთებს გაცილებით სწრაფად, ხარისხიანად და იაფად. ამას განაპირობებს ეკონომიკური კანონზომიერება და მას წინ ვერაფერი დაუდგება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უახლოეს წლებში სულ უფრო ინტენსიური გახდება. ეს ნიშნავს მარტივ რაიმეს - თუ დღეს გორში მცხოვრები ადამიანი, რომელიც საკუთარ ქალაქში ვერ პოულობს სამუშაოს, მოდის თბილისში ტაქსის მძღოლად, ხვალ ამასაც ვეღარ გააკეთებს, რადგან მანქანები მძღოლების გარეშე ივლიან. ეს არ არის 50 წლის პერსპექტივა, ასეთი მანქანები უკვე არსებობს. თუ დღეს ადამიანზეა დამოკიდებული ავადმყოფისთვის დიაგნოზის დასმა და ქირურგიული ოპერაციის გაკეთება, ხვალ ამ საქმისთვის ადამიანი აღარ იქნება საჭირო, რადგან კომპიუტერი გაცილებით ზუსტ დიაგნოზს დასვამს და რობოტი გაცილებით უსაფრთხოდ გააკეთებს ოპერაციას. არც ეს არის 50 წლის პერსპექტივა, ასეთი კომპიუტერული პროგრამები და ასეთი რობოტები უკვე არსებობს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ თუ გავაგრძელეთ ისე, როგორც ვცხოვრობთ, უმუშევრობის პრობლემა ჩვენი შვილებისთვის დაუძლეველ პრობლემად იქცევა. მეტიც, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვწირავთ საკუთარ შვილებს წარუმატებლობისა და სიღარიბისთვის. ამას მივყავართ მეორე, და მთავარ გამოწვევამდე.

ეს არის განათლება. დღევანდელი პრობლემები, დღევანდელი სიღარიბე, დღევანდელი უმუშევრობა, დღევანდელი დაბალი შემოსავლები - პრაქტიკულად ყველა პრობლემა, რასაც ყოველდღიურობაში ვაწყდებით, არის შედეგი იმისა, რომ 15-20 წლის წინ არ შევცვალეთ განათლების სისტემა. ჩვენ განათლებისთვის ყოველწლიურად მილიარდებს ვხარჯავთ, თუმცა წინასწარ ვიცით, რომ ჩვენ შვილებს არ ვაძლევთ იმას, რაც მათ საშუალებას მისცემს წარმატებული ადამიანები გახდნენ. დიდ ნაწილს იმედი აქვს, რომ მათი შვილები გაასწრებენ ამ ქვეყნიდან და სადღაც, განვითარებულ ქვეყანაში შეძლებენ ცხოვრების აწყობას. მაგრამ ბევრი ვერ გაასწრებს. და ვინც გაასწრებს, მაღალი ალბათობით, იქაც ანალოგიურ პრობლემებს წააწყდება.

სადაა გამოსავალი და რისი გვჯერა ჩვენ

ჩვენ გვჯერა, რომ საფრთხე და გამოწვევები, რომლებსაც მომავალი გვიქადის არის რეალური, ძალიან რეალური. ჩვენ გვჯერა, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევანის წინაშე ვდგავართ - ან მივცემთ შვილებს შანსს გახდნენ პროგრესის ნაწილი ან, ჩვენი უმოქმედობით, გავწირავთ მათ უბადრუკი ცხოვრებისთვის.

ჩვენ სასიცოცხლოდ გვჭირდება Facebook, Amazon, Alphabet (Google), Apple, Microsoft, Nvidia, IBM, Tesla, Samsung, Alibaba, საქართველოში. ჩვენ გვჭირდება ჩვენი სილიკონის ველი.

 

ნაწილი III 

ჩვენ არ გვაქვს საკმარისი საკუთარი რესურსი, რათა შევქმნათ ასეთი კომპანიები. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მსგავსი კომპანიები შემოვიდნენ საქართველოში. ყველაფერი!

ჩვენი აზრით ამისთვის საჭიროა:

თანამედროვე სამყაროში, ნებისმიერი განვითარება, იქნება ეს ეკონომიკაში, განათლებაში, მეცნიერებაში, ჯანდაცვასა თუ უსაფრთხოებაში, საბოლოო ჯამში დაკავშირებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და შესაბამისად, ამ კომპანიებთან.

Facebook, Amazon, Alphabet (Google), Apple, Microsoft საქართველოში ნიშნავს - თანამედროვე განათლებას, განვითარებულ მეცნიერებას, სამუშაო ადგილებს მომავლის ეკონომიკაში, თანამედროვე ჯანდაცვას, უსაფრთხოებას, და საბოლოო ჯამში, მომავალს.

ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ეს არის შესაძლებელი. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ სხვა გზა არ არსებობს. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ ამის მიღწევა შეგვიძლია ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაეებს. ჩვენ გვჯერა და გვწამს, რომ თუ მოვინდომებთ, ვერანაირი პარტია და ვერანაირი მთავრობა წინ ვერ დაგვიდგება. 

აქ იხილეთ: ეზეკიელი, თავი 25, მუხლი 17.

თქვენი სივრცე