გირჩი
თქვენი სივრცე

ქალთა სახეები ფიხტეს შემოქმედებაში

ავტორი: აჩო ხაჩიძე

პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა და პატივისცემა გამოვხატო ყველა იმ პედაგოგისა და პროფესორის მიმართ, ვინც რამდენიმე წლის წინ დაუღალავად შრომობდნენ ჩემთვისა და ჩემი კურსელებისთვის, და ახლა, იმავე მონდომებით, სხვა ახალგაზრდებს ემსახურებიან. ბოლო დროს მცირე წვლილი მეც შემაქვს ამ საქმიანობაში.

ტექსტის მთავარი მიზანი კოლეგებისთვის ჩემი დაკვირვებების გაზიარებაა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ვფიქრობ, ფართო მკითხველსაც დააინტერესებს, რადგან განათლების რაობასა და ლოკალურ მდგომარეობაზეც გვიყვება ზოგადად. აღმოვაჩინე სამწუხარო ფაქტი, რომ საიტი azrebi.ge აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ წერილს „გირჩის“ საიტზე ვაქვეყნებ.

ტექსტის დაწერის სურვილი რამდენიმე დღის წინ, მეგობრისგან გაგონილმა ამბავმა გამიჩინა, რომელიც წუხდა, რომ ორი ქულის გამო საგნის ზღვარი ვერ გადალახა. მას ყველა მოთხოვნა პირნათლად და მაღალ ნიშნებზე შეუსრულებია, თუმცა ერთი წესის თანახმად, ფინალურ გამოცდაზე თუ მაღალ ქულას ვერ მიიღებ, მთელი სემესტრის შრომა წყალში გეყრება.

როგორც ბიუროკრატიულ წესრიგს შეეფერება, ჩემზე დაკისრებულ მოვალეობებს პატიოსნად მივყვები, თუმცა საჭიროდ მივიჩნევ, გავხსნათ სივრცე საჯარო დისკუსიისთვის და ზოგიერთი რამ მსჯელობის სასარგებლო კლანჭებში მოვაქციოთ.

ვისაც საქართველოს განათლების სისტემასთან (ნებისმიერ საფეხურზე) შეხება ჰქონია და არც ლოგიკურ აზროვნებას უჩივის, ნათლად მოეხსენება, რაოდენ შორს არის ის ცოდნის შინაარსისგან. მეტიც, მგონია, რომ დღეს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მეტი კავშირი აქვს ქრისტესთან, ვიდრე განათლების სამინისტროს განათლებასთან. ასეთ რეჟიმში გასულმა თითქმის ერთმა საუკუნემ, ბუნებრივია, საზოგადოებაც საკუთარ „ლოგიკაში“ მოაქცია. ბოლოს და ბოლოს,  სიტყვათშეთანხმება „განათლების სისტემა“ ან „ეროვნული სასწავლო გეგმა“ უკვე ყოველგვარ აბსურდს ხდის ფარდას. ჩვენი შვილები დღეს დადიან სკოლებში, სადაც სწავლობენ უუნარობას, შიშებს, უმსჯელობას, უგუნურების ატანას, ბუტკოს ფორმებს, მდინარეების სიგრძეებს, მეფეთა გამეფების თარიღებს. მოკლედ ყველაფერს, ცხოვრების გარდა.

მინდა უნივერსიტეტების პედაგოგებსა და პროფესორებს შემდეგი დაკვირვება გავუზიარო: მაქვს განცდა, რომ ჩვენ თვალს ვხუჭავთ სტუდენტთა წარსულზე, გვავიწყდება საიდან მოხვდნენ ისინი აქ და ზუსტად ისევე ვთხოვთ რთული სამეცნიერო შრომისთვის მზაობას და საკმარის ფუნდამენტს, როგორც მეათეკლასელ მოსწავლეს სთხოვენ - ინტერესით წაიკითხოს ჰაგიოგრაფიული ტექსტები და შემდეგ დახვეწილი მეტაფორებით შეამკოს რწმენის გაუტეხლობა.

ასეთი მიდგომის ასახსნელად თეორიული არგუმენტი გვაქვს მომარჯვებული: თითქოს, სკოლისგან განსხვავებით, უნივერსიტეტში სწავლა სტუდენტის პირადი არჩევანია და თუკი მოსწავლის პრობლემებზე მასწავლებელია პასუხისმგებელი, სტუდენტი თავად აგებს ყველაფერზე პასუხს. სინამდვილეში კი, ზუსტად ვიცით მათი უმრავლესობის ცხოვრებისთვის მზაობა და უნივერსიტეტში მოხვედრის მიზეზი. განათლების თანმიმდევრულობისა და გარემოსთან შესაბამისობის საჭიროებას კარგად ვიაზრებთ, მაგრამ ათვლის წერტილად რომ ბავშვის დაბადება უნდა მივიჩნიოთ, ეს გვავიწყდება და სტარტის ხაზს პირველ კურსზე ვავლებთ.

ყოველი სემესტრის დასაწყისში სტუდენტებს ვთხოვ გამომიგზავნონ პატარა ტექსტი, სადაც შეეცდებიან გასცენ პასუხი შეკითხვას: „რა არის განათლება და რაში გვჭირდება ცოდნა?“. თავადაც მიხვდებით - ყველა პასუხი საბჭოთა რომანების ანოტაციას გავს, აღმატებული ზედსართავების რახარუხით და ტრადიციებზე ბოდვით. მაშ, როგორ შეიძლება ამ ფუნდამენტის გათვალისწინებით ერთ კვირაში გაიგოს სტუდენტმა პლატონისა და სოკრატეს ფილოსოფიის მნიშვნელობა აზროვნების ისტორისთვის? საიდან უნდა გაუჩნდეს მას უაღრესად რთული ტექსტის კითხვის სტიმული? ან გნებავთ კაფკასა თუ მაქს ფრიშის რომანებიდან მიიღოს სიამოვნება, როცა მხატვრული ლიტერატურა „სიყვარულისა და მეობის სასწავლო სახელმძღვანელოები“ ჰგონია? ვხედავ, რომ სტუდენტებს ხიზილალას ვთავაზობთ დიდი თეფშით, მათ კი დანა-ჩანგალი არ აქვთ.

სახელმწიფო უნივერსიტეტების არსებობას იმ არგუმენტით ვამართლებთ, რომ ამდენი პრობლემის ფონზე ყველას მივცეთ შანსი, გამოავლინოს საკუთარი თავი და ჰქონდეს ხელმისაწვდომი განათლების მიღების საშუალება, თუნდაც ხარისხის კლების ფასად. მაშ, თუკი სტუდენტი გვეტყვის, რომ „ნიცშეს აზრებიდან გენიალურობის ფეიერვერკი იფრქვევა“ ან პლაგიატი მხოლოდ თანაკურსელის ნაშრომის მოპარვა ჰგონია, რატომ ვფიქრობთ გულში - ღმერთო, რა შტერია?! ხოლო ნიშნის გრაფაში მძიმედ, მაგრამ მაინც გულგრილად ვბეჭდავთ ნულს და ვაყენებთ რისკის ქვეშ, რომ მან სწავლის ყოველგვარი სურვილი დაკარგოს?

მინდა გამოვთქვა საჭიროება იმისა, რომ უნდა ვიფიქროთ ერთგვარი წინარე სალექციო კურსის შექმნაზე (ეს შესაძლოა ერთ-ერთი იდეა იყოს ასიდან), რომელიც დაეხმარება სტუდენტს ზემოდან დახედოს საკუთარ თავს, სოციუმსა და მასში არსებულ სიმახინჯეებს. გაიაზროს თავისი წარსული და ზუსტად განსაზღვროს მისი ამჟამინდელი საჭიროებები. ბოლოს და ბოლოს იმსჯელოს ინფორმაციის არსზე და მის განათლებად გარდაქმნის მექანიზმზე. ასეთ შემთხვევაში, ვფიქრობ, მათ გამოუვათ მისდიონ საკუთარ ოცნებებს და გათავისუფლდნენ კონსპექტების შედგენის ტანჯვისგან.

მხოლოდ ამის შემდეგ მიმაჩნია სწორად, რომ მკაცრად მოვთხოვოთ აკადემიური დისციპლინის დაცვა, პლაგიატის კონტროლი თუ გამოყენებული ლიტერატურის მითითების სიზუსტე.

ვუდასტურებ სიყვარულსა და ერთგულებას ყველა სტუდენტს და მაქვს შემდეგი თხოვნა: ვინც ამ ტექსტს გადააწყდება, ნაცვლად კრიტიკის ლეგიტიმაციისა აქტიურად ჩაერთონ ღია და სასარგებლო დისკუსიაში, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები და ხელი შეუწყონ მათივე მომავლის გაუმჯობესებას.

თქვენი სივრცე