თქვენი სივრცე

ქვეყნის უსაფრთხოება

რა მიზანი გვაქვს როგორც საზოგადოებას - როგორც სახელმწიფოს? 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები, ვთანხმდებით იმაზე, რომ ვართ საზოგადოება, გვაქვს მიზნები და ამ მიზნების მისაღწევად ჩვენი გაერთიანება არის მნიშვნელოვანი. ჩვენი, როგორც საზოგადოების მიზანია, შევქმნათ ისეთი საცხოვრებელი გარემო, სადაც ადამიანი და მისი თავისუფლება მაქსიმალურად დაცული იქნება. ამიტომ, ჩვენი გაერთიანების ფორმის - სახელმწიფოს ერთადერთი და მთავარი ფუნქციაა, დაიცვას ადამიანების საკუთრების უფლება, რაშიც, რა თქმა უნდა, მოიაზრება სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და საკუთრების სხვა უფლებები.

რადგანაც სახელმწიფოს ერთადერთი და მთავარი ფუნქციაა დაიცვას მისი მოქალაქების საკუთრების უფლება, რა თქმა უნდა დაცვაში“ იგულისხმება როგორც ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მიერ ერთმანეთის თავისუფლებაში/საკუთრებაში შეჭრისგან დაცვა, ასევე საგარეო საფრთხეების განეიტრალებაც. სახელმწიფოს ფუნქციაა დაიცვას მისი პატიოსანი მოქალაქეები როგორც თანამოქალაქე მოძალადეებისგან, ასევე უცხო ქვეყნის აგრესიისგანაც.

დღევანდელი რეალობა - რა უზრუნველყოფს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვას დღეს?

დღესდღეობით, კონკრეტული ქვეყნის  მოქალაქეების საკუთრების უფლების დაცვას გარე აგრესიისგან, ანუ ამ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას, უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომლებიც, თავის მხრივ, ძალთა ბალანსის შედეგად არის ჩამოყალიბებული, და ამ კონკრეტული ქვეყნის სამხედრო/ეკონომიკური სიძლიერის შეფარდება პოტენციური აგრესორის ძალასთან.

დღეს, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვა იკრძალება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სამართალი ასახავს იმ ძალთა ბალანსს, რაც ჩამოყალიბებულია მსოფლიოს დიდი გეოპოლიტიკურ მოთამაშეებს შორის. ბალანსის ცვლილება დე ფაქტო იწვევს სამართლის ცვლილებას - ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ რუსეთის არასათანადოდ დასჯილი ქმედებები საქართველოში, უკრაინაში, სირიაში და სხვ.

საქართველოს შემთხვევაში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში წვლილი შეაქვს როგორც საერთაშორისო გეოპოლიტიკურ ვითარებას, ისე საქართველოს არმიის სიძლიერის შეფარდებას პოტენციურ მოწიანაღმდეგეებთან.

ჩვენი შეიარაღებული ძალების შედარება რეგიონის სხვა ქვეყნებთან

წყარო: (https://www.globalfirepower.com/countries-listing.asp)

2017  წლის მდგომარეობით რეგიონში ყველაზე სუსტი შეიარაღებული ძალები ყავს:

1. სომხეთს - მსოფლიოში სიძლიერით 93-ე. ბიუჯეტი 225 მლნ $. 45 000 მოქმედი ჯარისკაცი. 170 000 რეზერვისტი (ქვეყანა იმყოფება რუსეთთან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაში, რაც გულისხმობს რუსეთის ვალდებულებას დაიცვას ის აგრესიის შემთხვევაში). 

2. შემდეგ ადგილზეა საქართველო:

მსოფლიოში სიძლიერით 82-ე არმია. ბიუჯეტი 310 მლნ $, 35 000 მოქმედი ჯარისკაცი. 5 500  რეზერვისტი.

3. შემდეგ ადგილზეა აზერბაიჯანი:

მსოფლიოში სიძლიერით 58-ე არმია. თავდაცვის ბიუჯეტი 3,185 მლრდ $, 67 000 მოქმედი ჯარისკაცი, რეზერვისტი 307 000 ( აზერბაიჯანი თურქეთის სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორია).

4. შემდეგ ადგილზეა თურქეთი:

მსოფლიოში სიძლიერით მე-8 არმია. თავდაცვის ბიუჯეტი 8,2 მლრდ $, აქტიური პერსონალი 382 000, რეზერვისტი 360 000. 

5. შემდეგ ადგილზეა რუსეთი: 

აშშ-ს შემდეგ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი არმიის მქონე სახელმწიფო. ბიუჯეტი 45 მლრდ $, 800 000 აქტიური პერსონალით და 2,5 მლნ რეზერვისტით.

ფაქტია, რომ დღესდღეობით ცალკე აღებული საქართველოს არმია არ არის ანგარიშგასაწევი ძალა რუსულ-სომხური ალიანსის წინააღმდეგაც კი, და მხოლოდ აზერბაიჯანის არმიის თავდაცვის ხარჯები 10-ჯერ აღემატება საქართველოს თავდაცვის ხარჯებს.

ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს შეარაღებული ძალების განვითარების ისტორია

2007-2008 წლებში საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იყო დახლოებით 1,5-1,5 მილიარდი ლარის ფარგლებში. საშუალოდ, ამ 2 წელიწადში თავდაცვის სამინისტრო ხარჯავდა 1-1 მლრდ $-ს.

როგორც მოგეხსენებათ, 10 წლის შემდეგ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი 300 მლნ$ ის ფარგლებში მერყეობს.

2008 წლის ომის შემდეგ, 2009-2017 წლებში, საქართველოს თავდაცვის წლიური ბიუჯეტი მერყეობდა 600-700 მლნ ლარის ფარგლებში. ამ ხარჯების 55-65% მოდიოდა მხოლოდ შრომის ანაზღარების დაფარვაზე, დანარჩენი კი იყო კვებისა და სხვა ადმინისტრაციული ხარჯები. 

მაგალითისთვის, 2016 წელს თავდაცვის სამინისტრომ, არაფინანსური აქტივების შესაძენად (გადაიარაღება, რემონტი, მშენებლობა) დახარჯა სულ რაღაც 2,7 მლნ ლარი ანუ დაახლოებით 12 მლნ $ - რაც ერთი თანამედროვე მეხუთე თაობის გამანადგურებლის, f-35 ის ფასის ერთი მეათედია, ანუ ამ ტემპით 10 წელიწადში შევძლებთ მოვაგროვოთ 1 გამანადგრებლის ფული ( f-35-ის მაგალითი მხოლოდ თანხების მასშტაბების ილუსტრირებისთვის გამოვიყენეთ და არ ვამტკიცებთ, რომ ამ კონკრეტულ აპარატს ან ვინმე მოგვყიდის, ან აუცილებელია ქვეყნის თავდაცვისთვის).

სინამდვილეში, ბოლო 9 წელია ქვეყანამ დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარი დახარჯა თავდაცვის სისტემის შესანარჩუნებლად, ისე, რომ არ მომხდარა არანაირი ხელშესახები გადაიარაღება, მოდერნიზაცია ან რაიმე მსგავსი. ჩვენ 6,5 მილიარდი ლარის აბსოლუტური უმეტესობა დავხარჯეთ ადამიანების ხელფასებზე, კვებაზე და ადმინისტრაციულ ხარჯებზე. 

ჩვენ დავხარჯეთ 6,5 მილიარდი ლარი თავდაცვაზე და არცერთი საერთაშორისო კვლევის, ან/და ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით, არ გაზრდილა ქართული არმიის სიძლიერე და მობილურობა.

აქედან გამომდინარე, დასკვნა არის ერთი: ჩვენ უბრალოდ 42 257 ადამიანს ვაძლევთ ხელფასებს, ყოველწლიურად ვხარჯავთ დაახლოებით 700 მლნ ლარს და ეს ყველაფერი არ ამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას. ეს სისტემა არ არის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისკენ მიმართული სისტემა, ეს სისტემა არის  გადასახადების გადამხდელების ფულის ხარჯზე ათობით ათასი ადამიანის შენახვის სისტემა.

ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია, ამიტომ ჩნდება კითხვა - უნდა გავაუქმოთ თუ არა ჯარი?

არა - რადგან:

1. მდგომარეობა საერთაშორისო პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო ტექნოლოგიურ ბაზარზე მუდმივად და სწრაფად იცვლება;

2. ორნიშნა ეკონომიკური ზრდის და თავდაცვის ხარჯების მშპ-თან 5%-მდე გათანაბრების შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება თავდაცვაზე ყოველწლიურად დავხარჯოთ მრავალი ასეული მილიონი დოლარი, რაც საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ თანამედროვე არმიის აშენება - და არ ვიფიქროთ უბრალოდ სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე;

3.  ჩვენ გვჭირდება შევქმნათ თავდაცვითი ჯარი, რაც გაცილებით იაფია, ვიდრე არმია, რომელიც შეტევით ოპერაციებზეა ორიენტირებული; 

4. ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგის, რუსეთის არმია გადაშლილია ათასობით კილომეტრზე და მას შეუძლია ამ უზარმაზარი არმიის მხოლოდ ნაწილის გამოყენება კავკასიაში;

5. რუსეთში არსებული კორუფცია გვაძლევს საშუალებას ჩვენმა თავდაცვის სისტემამ გაცილებით ეფექტურად გამოიყენოს თითოეული დახარჯული დოლარი, ვიდრე მოწინააღმდეგემ;

6. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, სინგაპურის, ტაივანისა და ისრაელის მაგალითები, რომელთა მიხედვითაც, თუ ქვეყანა, რომელსაც სურს აგრესორისგან დაიცვას თავი, აგრესორი სახელმწიფოს(ების) თავდაცვის ბიუჯეტის 10-15%-ის ფარგლებში ხარჯავს საკუთარი თავდაცვის სისტემის განვითარებისთვის. სამხედრო თვალსაზრისით შესაძლებელია მიღწეულ იქნას იმგვარი ბალანსი, რომ აგრესორ ქვეყან(ებ)ას აღარ უღირდეთ აგრესიის განხორციელება.

რა როლი აქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს?

მთავრობის დადგენილებების მიხედვით: 

2017 წელს დაგეგმილია 7 712 ადამიანის ჯარში გაწვევა, საიდანაც 2 900 ადამიანი, გაწვეულთა დაახლოებით 1/3, განაწილდება თავდაცვის სამინსტროში - დანარჩენები კი პრობაციისა და შს სამინისტროებში.

2016 წელს გაიწვიეს 5 536 ადამიანი და აქედან თავდაცვის სამინსტროში განაწილდა 1 000 წვევამდელი, მეხუთედზე ნაკლები, დანარჩენები კი პრობაციისა და შს სამინისტროებში.

სავალდებულო სამხედრო სამსახურის სახელით გვაქვს სისტემა, სადაც წვევამდელების მინიმუმ 2/3-ს შეხება არ აქვს თავდაცვასთან, წვრთნასთან, ჯართან - სამაგიეროდ მათზე დაზოგილი ხელფასებით ჩინოვნიკები იღებენ შეუსაბამოდ მაღალ ხელფასებსა და პრემიებს.

ქვეყანაში შიდა წესრიგის დასამყარებლად ადამიანების უფასო მუშახელად გამოყენება არასწორია.

არასწორი კონსტიტუციური ჩანაწერიც კი, რომელიც ქვეყნის წინაშე სამხედრო ვალდებულებას აღიარებს, ადამიანებს ავალდებულებს ქვეყნის თავდაცვისთვის თავიანთი ცხოვრების ნაწილის გაღებას და არა პოლიციური ფუნქციის შესრულებას.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ ფუნქციების შესრულება, რასაც  ავალდებულებენ წვევამდელებს (უფასო ყარაულობა - ქვეყანაში წესრიგის აღსრულება), ფინანსდება საკმარისზე მეტად.

2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით შემდეგი უწყებების დაფინანსებაა:

და მაინც, წვევამდელთა 100%-იც რომ ირიცხებოდეს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, ეს სისტემა მაინც დარჩება მორალურად გაუმართლებელად და კონტრპროდუქტიულად.

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის მიხედვით, ერთ ჯარისკაცზე გათვლით, 1 წლის განმავლობაში, ჯარისკაცის კვებაზე, ხელფასზე, წვრთნაზე, აღჭურვასა და სხვა ყველა ხარჯზე გამოყოფილია დაახლოებით 8 500 $. მაშინ როდესაც, იგივე მაჩვენებელი აზერბაიჯანის არმიის შემთხვევაში არის 47 500 $,  რუსეთის შემთხვევაში 60 000 $, ისრაელის შემთხვევაში 100 000 $ ხოლო აშშ-ს შემთხვევაში 425 000 $ შეადგენს. 

სავალდებულო სამხედრო სამსახური უნდა გაუქმდეს, რადგან ის არის ამორალური და კონტრპროდუქტიული.

გირჩი დაარსების დღიდან ითხოვს ამ მონობის ინსტიტუტის გაუქმებას, მან მოაწყო საპროტესტო აქცია, მიმართა პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივით, თუმცა ხელისუფლებების არაერთგზის დაპირების მიუხედავად, არცერთი ნაბიჯი ამ მიმართულებით წინ არ გადადგმულა. ამიტომ გირჩმა გადაწყვიტა დაეწყო კამპანია სახელად ბიბლიური თავისუფლება“. სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ კანონის 30-ე მუხლის  ქვეპუნქტის შესაბამისად (https://matsne.gov.ge/ka/document/view/31780), სამხედრო ვალდებულებისგან თავისუფალია ყველა ის ადამიანი, ვინც ატარებს მღვდელმსახურის წოდებას.

გირჩის წევრებმა ნიკა ობოლაძემ, ლევან ჯგერენაიამ და არჩილ ხაჩიძემ 2017 წლის 16 მარტს დააფუძნეს საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია - ბიბლიური თავისუფლება. ამ რელიგიური მიმდინარეობის მიზანიც და რწმენაც არის ადამიანების მონობიდან დახსნისთვის ბრძოლა. (უფრო ვრცლად რელიგიური მიმდინარეობის შესახებ ნახეთ აქ, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახურის ეპისტოლეში: https://girchi.ge/ka/story/bibliuri-tavisuplebis-epistole/126/.

ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახური შეიძლება გახდეს ადამიანი, ვისაც სწამს თავისუფლების, შესაბამისად არ არის ჰომოფობი, ფაშისტი და პრორუსი. ბიბლიური თავისუფლების მღვდელმსახურები არიან თავისუფლები - აირჩიონ გზა, რომელიც მათ უფლამდე მიიყვანს, რადგან ჩვენ გვახსოვს - შეუცნობელ არს გზანი უფლისანი.

2016 წლის მარტიდან დღემდე ბიბლიურმა თავისუფლებამ 1000-ზე მეტი მღვდელმსახური აკურთხა და მათმა უმრავლესობამ ეს სტატუსი გამოიყენა სავალდებულო საყარაულო სამსახურისაგან თავის დასაღწევად.

 

მასალა მოამზადა: ნიკა ობოლაძემ

თქვენი სივრცე