გირჩი: ჩვენ შესახებ
თქვენი სივრცე

მთავარი პრობლემა

ჩვენი აზრით, ჩვენი საზოგადოების მთავარი პრობლემა არის ცრურწმენა, გნებავთ არასწორი წარმოდგენა კერძო და საჯარო მორალის სხვაობის შესახებ. 

კერძო მორალი არის წარმოდგენა ადამიანებს შორის ურთიერთობაში სწორი და არასწორი ქცევის შესახებ. 

ჩვენ ამ მორალის შესაბამისად ვაფასებთ ერთმანეთის სწორ ან არასწორ ქმედებებს.

საჯარო მორალი არის ადამიანებსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაში სწორი და არასწორი ქცევის შესახებ წარმოდგენა.

ჩვენ ამ მორალით ვაფასებთ სახელმწიფოს სწორ ან არასწორ ქმედებებს. 

ყოველდღიური ცხოვრების რუტინით და პირადი პრობლემებით დაკავებულ რიგით მოქალაქეებს საჯარო საქმეში საფუძვლიანად გარკვევისთვის დროისა და ენერგიის ფუჭად ხარჯვა არ უღირთ. რიგითი ადამიანისთვის ინერტულობა, მითოსისკენ მიდრეკილება და კონსერვატიზმი მოქმედების რაციონალური სტრატეგიაა. 

ადამიანების დიდი ნაწილის კერძო მორალი განსხვავდება მათსავე საჯარო მორალისგან: ისინი არასდროს გაუკეთებენ მოყვასს იმას, რისი გაკეთების უფლებასაც სახელმწიფოს აძლევენ. 

სამწუხაროდ, ეს ადამიანები არიან ამომრჩევლები და საჯარო საქმეების უსამართლოდ და ამორალურად გადაწყვეტა მათი არჩევანით მართლდება.

პოლიტიკოსების დაპირებების ფონზე ღარიბი საზოგადოების დიდი ნაწილი ასე აზროვნებს: „მე წასართმევი არაფერი მაქვს. სხვას კი, სავარაუდოდ, მეტს წაართმევენ და ამით შესაძლებელია ვიხეირო კიდეც, მაგალითად, ოპერაციას ვიღაცის ხარჯზე გამიკეთებენ“. 

ამორალური საჯარო პოლიტიკის ყველაზე დიდი მსხვერპლი ყოველთვის ახალგაზრდა თაობაა. ახალგაზრდებს ამორალური და მავნე წესებით მოქმედ უფროს თაობასთან შეგუება და თავიანთი ცხოვრების საუკეთესო წლების გატარება უწევთ.

არ შეიძლება ამომრჩეველი დადიოდეს არჩევნებზე, ხმას აძლევდეს, მაგრამ პოლიტიკა არ აინტერესებდეს. 

პრობლემა ის ამორალური საჯარო პოლიტიკაა, რომელსაც აქტიურ ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ვიცით პრობლემის გადაჭრის გზა.

თქვენი სივრცე