თქვენი სივრცე

რა დაგვმართა უხილავმა ხელმა?!

ავტორი: ცოტნე კობერიძე

ვიცი, ის ფაქტი, რომ თავისუფალი ბაზარი ყოველგვარ იძულებასა და ძალადობას უარყოფს, თქვენთვის საკმარისი არგუმენტი არ არის; ისიც ვიცი, რომ ადამიანის თავისუფლებისა და საკუთრების უფლება თქვენთვის ხელშეუხებელ და ფუნდამენტურ ღირებულებას არ წარმოადგენს; ისიც ვიცი, რომ მზად ხართ კანონისა და სახელწიფოს მეშვეობით სხვა ადამიანი გაძარცვოთ, თუ ამით თავად იხეირებთ, ამიტომ კონცეპტუალური ხასიათის არგუმენტების ნაცვლად, ემპირიული ხასიათის არგუმენტებით შევეცდები დაგანახოთ, რატომ არის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკური სისტემა საუკეთესო ეკონომიკური მოდელი, რაც კი როდესმე რეალურად არსებულა ან თუნდაც წიგნებში დაწერილა.

ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება დაეთმო Fraser Institute-ის მომზადებულ კვლევას Economic Freedom of the World, რომელიც შეისწავლის მსოფლიოს ქვეყნებში არსებულ ეკონომიკურ პოლიტიკას და ბაზრის თავისუფლების ინდექსს. მოცემული კვლევა დიდი პოპულარობითა და სანდოობით სარგებლობს, სწორედ ამიტომ ჩვენი ხელისუფლება ხშირად იწონებს თავს იმ შედეგებითა და მიღწევებით, რაც ამ კვლევის მიხედვით გვაქვს.

მოხსენებაში „ეკონომიკური თავისუფლება მსოფლიოში“ შეფასებულია სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური თავისუფლების დონე და მიღებული მაჩვენებლები შედარებულია მატერიალური კეთილდღეობის რამდენიმე ინდიკატორთან (როგორიცაა სიცოცხლის საშუალო ხანრძლივობა, მოსახლეობის წიგნიერების დონე, კორუფციის მასშტაბები, საშუალო შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე და ა.შ.).

თუ ქვეყნებს, ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, ოთხ ნაწილად დავყოფთ, აღმოვაჩენთ, რომ:

ასევე, თუ შევხედავთ, რა კორელაცია არსებობს ეკონომიკის თავისუფლებასა და მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპს შორის (რაც საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია), აღმოვაჩენთ, რომ:

აქვე გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ რაც უფრო თავისუფალია ქვეყანაში ბაზარი, მით უფრო დიდია მისი ეკონომიკის მოცულობა, ხოლო მიუხედავად იმისა, რომ დიდი ეკონომიკები უფრო რთულად იზრდება, თავისუფალი ბაზარი ამ პრობლემას მაინც მარტივად აგვარებს. 

მონაცემები არა მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უფრო თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების მოსახლეობის კეთილდღეობის დონე ბევრად აღემატება დანარჩენებისას, არამედ იმაზეც, რომ ქონებრივი უთანასწორობა, მიღებული შემოსავლების მოცულობისგან განსხვავებით, ამ თუ იმ ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი არ არის.

მსოფლიოს ქვეყნების დაყოფამ ე.წ. კვარტლებად (თითოეულ მათგანში გაერთიანებულია არსებულ სახელმწიფოთა 25%) ასეთი სურათი მოგვცა:

ეროვნული შემოსავლის საშუალო წილი, რაც ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 10 პროცენტს ერგო, 2017 წლისთვის ყველაზე ნაკლებად თავისუფალი ქვეყნების კვარტალში უდრის 2,46%, მესამე დონის კვარტალში - 2,25%, მეორე კვარტალში - 2,15% და ყველაზე თავისუფალი ქვეყნების კვარტალში 2,73%-ს. როგორც ვხედავთ, სხვაობა დიდი არ არის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შემოსავლების უთანასწორობაზე ეკონომიკური თავისუფლების ხარისხი არ მოქმედებს.

შემოსავლების მოცულობა კი, რასაც ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 10% იღებს, ძალიან განსხვავდება ქვეყნების მიხედვით:

იყო ღარიბი ნაკლებად თავისუფალ ქვეყანაში, ნიშნავს, გქონდეს სულ რაღაც 1,100 დოლარი შემოსავალი წელიწადში, მაშინ როცა თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნების უღარიბეს მოქალაქეებს 12,000 დოლარი აქვთ. სხვაგვარად თუ ვიტყვით, უღარიბესი მოსახლეობის 10% ბევრად უკეთესად იცხოვრებდა სინგაპურში, ვიდრე ვენესუელაში.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში, სიმდიდრის გადანაწილება ხდება მუდმივად და იმ მასშტაბებით, რასთან შედარებითაც თანამედროვე პოლიტიკოსების ინიცირებული, ერთი შეხედვით მსგავსი პროცესები, უმნიშვნელოდ გამოიყურება - თუნდაც იმ მიზეზის გამო, რომ ბაზარი კეთილდღეობით ასაჩუქრებს მას, ვისაც მისი შენარჩუნების უნარი აქვს, პოლიტიკოსები კი - თავის ამომრჩევლებს, ვისაც, როგორც წესი, ამის ძალა არ შესწევთ.

დღეს ყველა პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, მზად არის შემოიღოს გარკვეული იდიოტური რეგულაციები და აკრძალვები ბაზარზე, რადგან, მათი აზრით, თავისუფალი ბაზარი ვერ აგვარებს გარემოს და ჯანდაცვის პრობლემებს და პირიქით, ის, ამ მხრივ, უფრო აუარესებს ვითარებას. თუმცა თუ შევხედავთ, რა დამოკიდებულებაა ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობასა და ეკონომიკური თავისუფლების ინდექსს შორის, აღმოვაჩენთ, რომ:

აქედან გამომდინარე, ყველა ის გულანთებული ჰუმანისტი სოციალისტი, რომელიც ბაზრის რეგულირებისკენ გვექაჩება, ცდილობს ჩვენი სიცოცხლის დაახლოებით 20 წელი მოგვპაროს.

მთელი ისტორიის განმავლობაში, უკიდურესი სიღარიბე ადამიანთა უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო. ყველა ერთნაირად ხელმოკლედ ცხოვრობდა და არც სიცოცხლე გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხანგრძლივობით. ორასი წლის წინ, დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების 85%, თანამედროვე კურსით თუ ვიანგარიშებთ, დღეში სულ რაღაც ერთ დოლარად არსებობდა; დღეს კი მსგავსი მაჩვენებელი მხოლოდ 20%-ია და ამ საუკუნის ბოლოსთვის ნულამდე დავა.

სულ რაღაც 20 წლის წინ ირლანდია მესამე სამყაროს ქვეყნებივით ღარიბი იყო, მაგრამ დღეს ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლით, თავის ყოფილ მეტროპოლისსაც გაასწრო და ევროპულ ეკონომიკურ არენაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ირლანდიაში მთლიანი ეროვნული ნაწარმის ზრდის ტემპი 1980-დან 1990 წლამდე გაიზარდა და 3,2%-დან 7,8%-ს მიაღწია. ბოლო წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპმა ორციფრა ნიშნულსაც მიაღწია და ერთ სულ მოსახლეზე საშუალო შემოსავლით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მეშვიდე ადგილი უჭირავს.

და ბოლოს, თუ მე არ მენდობით, მიიჩნევთ, რომ იდეოლოგიურად მიკერძოებული ტიპი ვარ და...(აქ ათასი მიზეზი შეგიძლიათ მოიფიქროთ), შეგიძლიათ ჩემ მაგივრად აგერ ბევრისთვის საყვარელ კარლ მარქსს და ენგელსს მაინც უგდოთ ყური: 

„ბურჟუაზიამ, მისი მმართველობის ასი წლის განმავლობაში, შექმნა უფრო მრავალრიცხოვანი და მძლავრი საწარმოო ძალები, ვიდრე ყველა მანამდე არსებულმა თაობამ, ერთად აღებულმა. ბუნების ძალთა დამორჩილება ადამიანისადმი, სამანქანო წარმოება, ქიმიის გამოყენება მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაში, ორთქლის ძრავები, რკინიგზა, ელექტრო-ტელეგრაფი, მიწათმოქმედებისთვის მიწების ათვისება, მდინარეების კალაპოტების გაფართოება, უცებ ამდენი ადამიანის თითქოსდა მიწისქვეშეთიდან  ამოხმობა - ადრე ვის შეეძლო წარმოედგინა, რომ საზოგადოებრივი შრომის წიაღში ამგვარი საწარმოო ძალები თვლემდა?“ (კარლ მარქსი და ფრედერიკ ენგელსი, მანიფესტი, გვ. 489). 

თქვენი სივრცე