თქვენი სივრცე

რატომ გირჩი?

ავტორი: ცოტნე კობერიძე

დღეს ორი წელი გახდა, რაც „გირჩის“ ოფისში მივედი. პირველივე კითხვა „რატომ გირჩი?“ იყო. მართალია, მაშინ ლამაზად დავარცხნილი პასუხი გავეცი, მინაქისტული იდეებიც ჩავაქსოვე, თუმცა ტექსტი მაინც სტანდარტული და მშრალი გამომივიდა. ამ დღის შემდეგ მაქვს საშუალება, პარტიას ახლოდან დავაკვირდე და შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანო. ორი წლის თავზე კი, თუ ვინმე კიდევ მკითხავს, რატომ გირჩიო, აი, ამას ვუპასუხებ...

აშკარაა, რომ ჩაურევლობის პოლიტიკასა და მინარქისტული სახელწიფოს კრედოს, არსებულ პოლიტიკურ ფორმებთან, რომლებიც ეტატიზმის ამა თუ იმ ნაირსახეობას წარმოადგენს, აუცილებლად ძლიერი ბრძოლა ელის. ბოლო წლებში განმათავისუფლებელი იდეოლოგიური მოძრაობებიც კი პიროვნული კულტისა და პოპულიზმის მსხვერპლი შეიქნენ. პოლიტიკურ სპექტრში არსებული, მეტნაკლებად მცირე განმათავისუფლებელი იდეოლოგიური მოძრაობებიც კი, ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ფუნდამენტური ბუნებითი უფლებების შელახვასაც არ ერიდებიან. რაც შეეხება აკადემიურ სივრცეს, მათ ერთი სტრატეგია აირჩიეს: „განმანათლებლობა“ და საჭიროდ მიიჩნიეს, საზოგადოება ლექციების, დისკუსიების, ნაშრომების ან სხვა საშუალებებით გაანათლონ. 

რასაკვირველია, უმცირესობის უმრავლესობად გარდაქმნისა და თავისუფლების იდეების გავრცელების მოცემული სტრატეგია გამართლებულია, რადგან მას შედეგი მოაქვს, თუმცა  დროში გაწელილი და რთული პროცესია, რომელსაც არ ძალუძს კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული პრობლემების გადაწყვეტა. 

საქართველოში ლიბერტარიანული მოძრაობა დიდი სტრატეგიული პრობლემის წინაშე დადგა: როგორ უნდა მიაღწიოს განმათავისუფლებელმა მოძრაობამ ეფექტიან ერთიანობას და ხელმძღვანელობას ისე, რომ დიდებული ელიტის მსხვერპლი არ გახდეს? როგორ უნდა შევინარჩუნოთ პასუხისმგებლობა და „ხანგრძლივი ბრძოლის“ აუცილებლობის შეგრძნება, თუ უარს ვიტყვით გულწრფელ ფანატიზმსა და პირად მიზნებზე? როგორ უნდა ავაგოთ ინსტრუმენტები ისე, რომ არ ვუღალატოთ თავისუფლების პრინციპებსა და მიზნებს, რისთვისაც მას ვაგებთ? ამ ყველაფრის ფონზე, 2015 წელს პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩნდა ლიბერტარიანული პარტია „გირჩი“.

როგორი უჩვეულო და არაორდინარულიცაა პარტიის სახელი, ისეთივე არაორდინარული და განსხვავებულია მათი ბრძოლის სტრატეგიაც. თავისუფლებისთვის ბრძოლაში პარტია რამდენიმე მთავარ იარაღს იყენებს: სოციალური ქსელები, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა,  ეკლესია (რელიგია) და სასამართლო.

„გირჩი“ არის პირველი Facebook პარტია საქართველოში, მათი მთავარი ოფისი ფეისბუქის ფეიჯია. სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანაში ამ სოციალური ქსელის მომხმარებელთა რაოდენობა 700 ათასს აჭარბებს, ყველაზე დიდ ჯგუფს კი 18-დან 34 წლამდე ადამიანები წარმოადგენენ. აქედან გამომდინარე, პარტიას უშუალო წვდომა აქვს ქვეყანაში მცხოვრები ახალგაზრდების დიდ უმრავლესობასთან. პარტიის ყველა აქტივობა, მოსახლეობასთან კომუნიკაცია და მათ შორის, თვით ამ პარტიაშიც გაწევრიანებაც კი, სოციალურ ქსელ facebook-ის საშუალებით ხდება. 

თუკი სახელწიფო ტირანია ხელისუფლებაში ხალხის ნებით რჩება, მაშინ როგორი შეიძლება იყოს თავისუფლების მიღწევის სტრატეგია? გირჩის აზრით, ტირანიის დასამარცხებლად ძალის გამოყენება აუცილებელი არ არის, უბრალოდ, საჭიროა, მას არ დაემორჩილო. სწორედ ამის გამოხატულება იყო 2016 წლის 31 დეკემბერს განხორციელებული სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, როდესაც გირჩის ოფისში, საღამოს 9 საათზე, პარტიის ლიდერმა, წევრებმა და უბრალო მოხალისეებმა საჯაროდ, ყველა პოპულარული ტელეარხის პირდაპირ ეთერში დათესეს 84 ძირი კანაფი

31 დეკემბრამდე რამდენიმე კვირით ადრე, პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა და მოსთხოვა, მომხდარიყო ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და მარიხუანას ლეგალიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი მზად იყო, პარტიის სხვა წევრებთან და უბრალო, მხოლოდ აუცილებლად სრულწლოვან მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ გამოეცხადებინა კანონის წინაშე დაუმორჩილებლობა, დაერღვია კანონი, რომელიც ხუთავს პიროვნულ თავისუფლებას და დაეთესა კანაფი. 

და აქცია შედგა: 100-მდე მოქალაქემ გირჩის ოფისში დათესა კანაფი და საჯაროდ დაარღვია კანონი. ამ პოლიტიკურმა აქტმა არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. ხელისუფლებამ ვერ გაბედა სისრულეში მოეყვანა ის ტირანული კანონი, რომელიც კანაფის კულტივაციის გამო მოქალაქეს 8-დან 12 წლამდე ვადით სვამს ციხეში. საზოგადოებაში დრაკონული ნარკოპოლიტიკის თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რის გამოც ხელისუფლება დღითიდღე უფრო და უფრო მეტ დათმობაზე მიდის.

მსგავსი მშვიდობიანი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი პოლიტიკური პარტიის მხრიდან, საქართველოში უპრეცედენტო იყო. მართალია, სამოქალაქო დაუმორჩილებლობა თავისუფლებისა და ლიბერტარიანული იდეების სისრულეში მოყვანისთვის საკმაოდ ეფექტიანი გზაა, თუმცა მოცემული სტრატეგია საკმაოდ საშიში და სარისკოა. რთულია, პარტიამ ან ადამიანთა ჯგუფმა მსგავსი სტრატეგიის პერმანენტურად განხორციელება მოახერხოს, ამიტომ გირჩმა პიროვნული თავისუფლებისთვის საბრძოლველად ახალი იარაღით გაილაშქრა.

2017 წლის 16 მარტს პარტიის სამმა წევრმა დააარსა და საჯარო რეესტრში დაარეგისტრირა საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია „ბიბლიური თავისუფლება“. თუკი პირველი ლიბერტარიანელი მოაზროვნე ლაო-ძი თავისუფლების მოპოვების სტრატეგიად, სახელწიფოსგან გათავისუფლების, მოწყვეტის, განმარტოებისა და ფიქრის გზად რელიგიას (დაოიზმს) იყენებდა, გირჩმა პირიქით, რელიგია არამცთუ რეტრეატიზმისთვის, არამედ სახელწიფოს მავნე მარწუხებისგან უშუალოდ მოქალაქეების დასახსნელად და კანონის ფარგლებში ლიბერტარიანული იდეების გასამყარებლად გამოიყენა. 

საქართველოში არსებობს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მავნე ფორმა, სადაც ხდება ახალგაზრდა მამაკაცების სავალდებულო გაწვევა ერთი წლით. მათ, უმეტეს წილად, აყენებენ სახელმწიფო ობიექტების დაცვაში ან ციხის კოშკებზე საგუშაგოდ, იყენებენ როგორც იაფ მუშა ხელს და უნადგურებენ ცხოვრების ერთ წელიწადს. თუმცა გირჩმა აღმოაჩინა, რომ სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „მღვდელმსახურება“ წარმოადგენს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველს. სწორედ ამიტომ გირჩის წევრთა დაფუძნებულმა „ბიბლიურმა თავისუფლებამ“ გადაწყვიტა წვევამდელებს მიანიჭოს მღვდელმსახურის წოდება. ორგანიზაცია ამის დამადასტურებელ მოწმობასაც გასცემს, რომელსაც ხელს აწერენ გირჩის წევრი, ბიბლიური თავისუფლების მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე და ორი ეპისკოპოსი, ასევე გირჩის წევრები - არჩილ ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია. აღნიშნული მოწმობა კი, არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის მიხედვით, საკმარისია სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადასავადებლად

ბიბლიურმა  თავისუფლებამ უკვე 2200-მდე ახალგაზრდა აკურთხა მღვდელმსახურად და დაიხსნა ისინი სახელწიფოს მონობისგან. ბიბლიური თავისუფლების რელიგია სრულიად ლეგალურად არის რეგისტრირებული და აკმაყოფილებს კანონის ყველა მოთხოვნას. ორგანიზაციას რამდენიმე გაცხადებული მიზანი აქვს: გაავრცელოს სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ადამიანის თავისუფლების იდეები; მათ ურყევად სწამთ, რომ ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება დედამიწაზე და არავის აქვს უფლება შელახოს მისი თავისუფლება. ბიბლიური თავისუფლება მყარად აღიარებს ბუნებით უფლებებს და ამბობს, რომ არც ერთ ინდივიდს ან ინდივიდთა ჯგუფს, კოლექტიურ ძალას თუ სახელმწიფოს, არც ერთ შემთხვევაში აქვს უფლება დააზიანოს ან შელახოს ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლებები

ბიბლიური თავისუფლება, მართალია, განსხვავდება ყველა სხვა ტრადიციული რელიგიისგან, თუმცა მათ რეალურად სწამთ თავისუფლების, ისინი რეალურად ზრუნავენ, გაჭირვებულ და შევიწროვებულ ახალგაზრდებზე. „ბიბლიური თავისუფლება“ პატივს სცემს ყოველი ადამიანის რელიგიურ შეხედულებებს და არავის მოუწოდებს რწმენის შეცვლისკენ, ამიტომ მათ რელიგიურ ადეპტები არიან სხვადასხვა რწმენის მიმდევრები, მათ შორის ის ადამიანებიც, ვინც არცერთ რელიგიურ თემს მიაკუთვნებს თავს. ერთადერთი ვალდებულება, რაც ამ რელიგიის მღვდელმსახურებს გააჩნიათ, არის ის, რომ მათ უნდა გაავრცელონ თავისუფლების იდეები საკუთარ ოჯახებში, ნათესავებსა და მეგობრებში. ბიბლიური თავისუფლება facebook მოწონებებით მეორეა საქართველოში, მართლმადიდებლური ეკლესიის შემდეგ; გარდა ამისა, ბიბლიური თავისუფლება ყველაზე სწრაფად  პროგრესირებადია, მან დაარსების დღიდენვე მალევე მიიქცია მოქალაქეთა ყურადღება, ამ საკითხით დაინტერესდა უცხოური მედიაც, ბიბლიურ თავისუფლებაზე სტატია დაიწერა BBC News-ზეც.

პარტიამ თავისი არსებობის მეორე წელი დიდი გამარჯვებით დააგვირგვინა. მათ თავისუფლებისთვის ბრძოლაში კვლავ ახალი მეთოდი გამოიყენეს და საკანონმდებლო ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით დაუპირისპირდნენ. დავის საგანი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით. გირჩმა სარჩელი მოიგო და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება, თავად შეარჩიოს განტვირთვის მისთვის სასურველი სახე და განახორციელოს შესაბამისი აქტივობა, მათ შორის, მოიხმაროს მარიხუანა, წარმოადგენს პიროვნების პირადი ავტონომიით დაცულ სფეროს და დაუშვებელია სახელმწიფოს მიერ პატერნალისტური პოლიტიკის იმგვარი ფორმით განხორციელება, რაც ადამიანის თავისუფლებას ეწინაამღდეგება.

გირჩმა მოახერხა მიეღწია განმათავისუფლებელი მოძრაობის ეფექტიან ერთიანობას და ხელმძღვანელობას ისე, რომ ელიტის მსხვერპლი არ გამხდარიყო; გირჩმა მოახერხა შეენარჩუნებინა პასუხისმგებლობა და ხანგრძლივი ბრძოლის აუცილებლობის შეგრძნება ისე, რომ უარი ეთქვა პოპულიზმსა და პირად მიზნებზე; გირჩმა ააგო ინსტრუმენტები ისე, რომ არ უღალატა თავისუფლების პრინციპებსა და მიზნებს. მართალია, მოცემულ პარტიას მწირი მატერიალური რესურსი და რეიტინგი აქვს, თუმცა ისინი მაინც ახერხებენ უჩვეულოდ რთული პრობლემების გადაჭრას. 

მარქსისტებმა თავიანთი ენერგიის დაახლოებით 90% მოანდომეს სტრატეგიაზე ფიქრს და მხოლოდ 10% თავიანთ იდეებს, ლიბერტარიანელები კი პირიქით, სტრატეგიულ და ტაქტიკურ საკითხებზე ნაკლებად ფიქრობდნენ და მსჯელობდნენ. როგორც ჩანს, გირჩმა შეცვალა ლიბერტარიანელების ტრადიცია და თავისუფლებისთვის ბრძოლის სტრატეგიაზე ფიქრსა და მსჯელობას მეტი დრო და ყურადღება დაუთმო. ცალსახად უნდა  ვაღიარო, რომ „გირჩი“ არის იმგვარი პარტია, ადამიანთა ჯგუფი, პროექტი, სკოლა (რაც გინდათ ის უწოდეთ), როგორიც აქამდე არსად და არასდროს ყოფილა.

თქვენი სივრცე