გირჩი: ჩვენ შესახებ
თქვენი სივრცე

როგორი ქვეყანა გვინდა

ქვეყანა, სადაც საკუთრება დაცულია.

საკუთრებაში ვგულისხმობთ: 

  1. ადამიანის უპირველესი საკუთრებაა მისი სხეული და გონება;
  2. ამ ადამიანის მიერ, მისი სხეულით და გონებით შექმნილი ნებისმიერი დოვლათი, ასევე მისი საკუთრებაა;
  3. საკუთრების ნებაყოფლობითი გაცვლით მოპოვებული ნებისმიერი დოვლათი არის ადამიანის საკუთრება.

დაცულობაში ვგულისხმობთ:

ადამიანი თავად განსაზღვრავს, რაში და როგორ გამოიყენებს საკუთრებას და არავის აქვს უფლება, იგი შეზღუდოს თუ სხვა ადამიანს და სხვის საკუთრებას არ აყენებს ზიანს.

საკუთრებასთან დაკავშირებული დავები და გაუგებრობები უნდა გადაწყვიტოს მხოლოდ დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ.

მაგალითები:

ნარკოპოლიტიკა - სხეული და სიცოცხლე ადამიანის საკუთრებაა და არავის საქმე არ არის, როგორ დახარჯავს თავის საკუთრებას; 

ქონების ექსპროპრიაცია - ქონება ადამიანის შრომის შედეგია და არა მთავრობის ან საზოგადოების;

გადასახადები - გადასახადი არის ადამიანის საკუთრების წილში ჩაჯდომა. რაც ნაკლებად ჩაგიჯდებიან წილში, მით უკეთესი;

ჯარი - შრომა ადამიანის საკუთრებაა და არა მთავრობის, ამიტომ ერთი წლით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გატაცებული ადამიანი სახელმწიფო ტრეფიკინგის მსხვერპლია და არა დეზერტირი;

მოწევის აკრძალვა კერძო საკუთრებაში - ბარები და რესტორნები ადამიანების საკუთრებაა, ამიტომ თუ დღეს ხელისუფლებას შევუშვებთ ბარში, ხვალ ის ლოგინში შემოგვიძვრება და თუ დღეს თქვენი საკუთრების გაუპატიურებას ცდილობს, ხვალ იგივეს თქვენს საყვარელ ადამიანს დაუპირებს; 

შრომა - შრომაში დახარჯული დრო, ენერგია და ნიჭი ადამიანის საკუთრებაა და არა მთავრობის. შრომის კანონმდებლობით და საშემოსავლო გადასახადით ხელისუფლება აუფასურებს ჩვენს ქონებას და გვპარავს სიცოცხლის მნიშვნელოვან ნაწილს. 

ქვეყანა, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია

კანონის წინაშე თანასწორობაში ვგულისხმობთ:

არ შეიძლება ქვეყანაში არსებობდეს კანონი, რომელიც განსხვავებულ პირობებში აყენებს რაიმე ნიშნით შერჩეულ ადამიანებს.

თუ კანონი ანსხვავებს ადამიანებს - ის გვყოფს და არ გვაერთიანებს.

მაგალითები:

ჩვენ ყველანი ყოველდღიურად ვყიდით და ვყიდულობთ ვაშლს, შრომას, ფულს, სექსს, საწვავს, იდეებს, კურთხევას, კეთილგანწყობას, პურს - შესაბამისად, ყველა საქმიანობა ლეგიტიმურია და ერთნაირად უნდა იბეგრებოდეს.

ქორწინება - ქორწინება ადამიანებს შორის ინტიმური ურთიერთობაა და უხერხულიც კია, ხელისუფლებას მასზე რამენაირ გავლენას ახდენდეს. 

ღარიბების ფულის მდიდრებისთვის დარიგება – შეძლებულ მოხუცს გაჭირვებული ახალგაზრდა არ უნდა აფინანსებდეს. ასევე ამორალურია ერთნაირად გაჭირვებული ადამიანების სხვადასხვანაირად დახმარება.

ჯარში - მიდიან კაცები, ქალები კი არა.

„ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ - მთელ ქვეყანაში ადამიანებისთვის წართმეული ფულით, მათზე შეძლებული (დედაქალაქის ცენტრში მცხოვრები) ადამიანების უძრავი ქონების ფასის გაზრდა საჩუქრად.

განსხვავებული საპენსიო ასაკი - ქალები 60 წლის შესრულების შემდეგ გადიან პენსიაზე, მამაკაცები - 65 წლის. 

თქვენი სივრცე