თქვენი სივრცე

შედეგიანი განათლება - რა არ მოგვწონს, რა გვინდა, რას ვაკეთებთ

რა არ მოგვწონს:

12 წლის განმავლობაში, დღეში რამდენიმე საათით, თქვენი შვილი მიჰყავს უცხო ადამიანს, რომელიც ბავშვს საკუთარ იდეებსა და სწავლის მეთოდებს ძალადობრივად ახვევს თავს. 

ბავშვის წვალება ორმაგდება, რადგან მას უწევს არა მხოლოდ მოისმინოს, არამედ სანიმუშოდ დაეუფლოს იმ იდეებსა და მეთოდიკას, რომელიც მას შეიძლება ძალიან არ მოსწონდეს

და თუ არ მიჰყვება იმ იდეებს და მეთოდიკას, რომელიც მას ძალიან არ მოსწონს, მოუწევს მასწავლებლისგან ბულინგის ატანა, რაც, კარგ შემთხვევაში, დაბალი ნიშნით გამოიხატება, უარეს შემთხვევაში - მაჩანჩალის იარლიყის (დაუმსახურებლად) აკვრით და თვითშეფასების დადაბლებით. 

თქვენ იძულებული ხართ (სახელმწიფოს ძალადობის მუქარით), უხადოთ ფული უცხო ადამიანს, რომელიც თქვენს შვილს აწვალებს და რომლის სწავლების მეთოდიკა ასევე ძალიან არ მოგწონთ

12 წლის შემდეგ თქვენმა შვილმა არ იცის, რა უნდა აკეთოს მომავალში - მისთვის ეს სკოლაში არავის უსწავლებია.  შესაბამისად, წარმოდგენა არ აქვს ცხოვრებაზე, უქნარაა, საუკეთესო შემთხვევაში, ვერ არჩევს კარგს და ცუდს, უარეს შემთხვევაში, დარწმუნებულია, რომ კარგი ცუდია და პირიქით.

პრეტენზიაზე მეზობელი გპასუხობთ, რომ მადლობა უნდა თქვათ, მეტი ფული რომ არ გადაგახდევინეს.

შვილის გაუნათლებლობა, საბოლოოდ, თქვენ გბრალდებათ, რადგან ღარიბი იყავით და მეტი წასართმევი ფული არ გქონდათ.  

რა ქვია ადამიანს, რომელსაც შვილის აღზრდას არ ანდობენ?
 - მონა.

რა ქვია არსებას, რომელიც ტყუილისა და ძალისა გამოყენებით უნგრევს ახალგაზრდებს მომავალს?
 - მატყუარა და მოძალადე სისტემა. 

  1. დღემდე ქართული სკოლა რჩება ადგილად, სადაც ხდება არა ცოდნის წარმოება, არამედ კლიშეებისა და სტერეოტიპების ჩანერგვა, რომლებიც ამ მასწავლებლებს, თავის მხრივ, საკუთარმა მასწავლებლებმა ჩაუნერგეს;  
  2. დღემდე ბავშვები პრინციპულად საბჭოთა ტიპის სკოლაში, მორჩილებასა და კონფორმიზმს სწავლობენ;
  3. დღემდე სკოლებში ასწავლიან საბჭოთა ყაიდის მასწავლებლები, რომლებმაც თანამედროვე ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერი იციან;
  4. დღემდე სახელმწიფო გამოცდები რჩება ისეთ სისტემად, რომელსაც აბიტურიენტის მინიმალური უნარ-ჩვევების დადგენაც კი არ შეუძლია;
  5. დღემდე მეხსიერების ვარჯიშს, რატომღაც, სწავლა ჰქვია. შესაბამისად, კარგად დამახსოვრებული, მაგრამ ცუდად გააზრებული ინფორმაცია განათლების ინდიკატორად მიიჩნევა;
  6. დღემდე ბავშვები სკოლაში ვერ იღებენ ინფორმაციას, თუ როგორია ნამდვილი ცხოვრება, რომელიც ამავე დროს, სკოლის ფანჯრების მიღმა ელვისებურად იცვლება.  
  7. დღემდე ბავშვებს სკოლის დასრულების შემდეგ წარმოდგენა არ აქვთ, რეალურ ცხოვრებაში რა უნარები ფასდება;
  8. დღემდე ხელისუფლებას მიტაცებული აქვს მშობლების უფლებები;
  9. დღემდე ხელისუფლება წყვეტს, რა არის განათლება და რა - არა; და რაც მთავარია, რა ტიპის განათლება არის უკეთესი თქვენი შვილისთვის;
  10. დღემდე სახელმწიფოს სრულად მონოპოლიზებული აქვს განათლების მომსახურება;
  11. დღემდე, არსებული განათლების შედეგად, მოსწავლეების ნახევარზე მეტი ვერ ახერხებს წაკითხული ტექსტიდან შინაარსის გამოტანას და რაოდენობრივ აზროვნებას საყოფაცხოვრებო დონეზე. 

ტყუილია, თითქოს: 

  1. ვინმემ შეიძლება მშობლებზე უკეთ იზრუნოს ბავშვზე; 
  2. ყველა ბავშვმა ერთი და იგივე უნდა ისწავლოს, რათა რომელიმე მათგანი არ დაიჩაგროს;
  3. მასწავლებლის არჩევა მშობლებს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს არ შეუძლიათ და მასწავლებლობის ნებართვის გამცემი ექსკლუზიურად სახელმწიფო უნდა იყოს;
  4. ერთი ასაკის ბავშვები ერთად უნდა სწავლობდნენ;
  5. სახელმძღვანელოები და სასწავლო მასალა სახელმწიფომ უნდა შექმნას და გამოყენების ნებართვა გასცეს (გრიფირება);
  6. საჯარო სკოლები და უნივერსიტეტები საჭიროა „იაფი“ განათლების მისაღებად.

ჩვენ გვინდა:

1) განათლების მიღების ბევრი და ბევრნაირი შესაძლებლობის არსებობა;

2) მშობლებს, რომელთაც შვილის აღზრდა-განათლებისთვის სახსრები არ აქვთ, დავეხმაროთ ფინანსურად;

დამოუკიდებლად გადაწყვიტონ შვილის აღზრდა-განათლების საკითხები;

3) მასწავლებლის სახელმწიფოსგან გათავისუფლება;

4) განათლების სამინისტროს გაუქმება.

თქვენი სივრცე